თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს დედაქალაქში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება

თბილისობის სადღესასწაულო პროგრამა დღეს ლოკომოტივის სტადიონზე ბაზიერთა შეჯიბრით დაიწყება. ვაკის პარკში გაიმართება "არტ-გენი თბილისობა", აბანოთუბანში კი, სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელთა კონცერტები. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეა, სახელწოდებით - "თბილისი ხელოვნების ქალაქი" ქართველ მხატვართა გამოფენას უმასპინძლებს, რომელიც თბილისობის დღესასწაულის 30 წლის იუბილეს ეძღვნება. ასევე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში I საერთაშორისო სიმპოზიუმი - "ქართული ხელნაწერი" დაიხურება.
დღის ბოლოს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" არქიტექტურული პრემიის გადაცემის ცერემონია გაიმართება, კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში კი, ელისო ვირსალაძის კონცერტი. სასტუმრო "რედისონი" თბილისის მოდის კვირეულს უმასპინძლებს. სადღესასწაულო პროგრამის ბოლოს თავისუფლების მოედანზე, ტრადიციულად, თბილისის საპატიო მოქალაქის დაჯილდოების ცერემონია და გალა კონცერტი გაიმართება.