
საქართველო და აშშ ხვალიდან სამხედრო სწავლებას იწყებენ. სწავლება იმ პროგრამის ნაწილია, რომლის მიზანს ქართველი სამხედროების ავღანეთში გამგზავრებისთვის მზადება წარმოადგენს. ამ ეტაპზე, ქართველი სამხედროები ამერიკელ ინსტრუქტორებთან ერთად კონსტრტერორისტული ოპერაციისთვის საგანგებო მზადებას გაივლიან. ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები უკვე საქართველოში იმყოფებიან. სწავლება სასწავლო ცენტრ "კრწანისში" გაიმართება. როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა სამშვიდობო მისიაში ერთი ქვეითი ასეულისა და ერთი ქვეითი ბატალიონის მონაწილეობის შესახებ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ასეულის ავღანეთში გამგზავრება შემოდგომაზე, ბატალიონის კი 2010 წლის გაზაფხულზე იგეგმება.