აფეთქების შედეგად დაზიანებული სენაკი-ფოთის სარკინიგზო მონაკვეთი აღდგენილია

რკინიგზის ინფორმაციით, ტექნიკური ბრიგადები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, რკინიგზის აღნიშნული მონაკვეთი უკვე აღდგენილია და დაახლოებით ნახევარ საათში აღნიშნული მიმართულებით რეისიც შესრულდება.
როგორც შპს "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი ირაკლი ეზუგბაია აცხადებს, დივერსიის შედეგად მიყენებული ზარალი მნიშვნელოვანია. ზარალის დათვლა ამ დრომდე გრძელდება.
სენაკი-ფოთის სარკინიგზო მაგისტრალზე სოფელ თეკლათთან აფეთქება 21 ოქტომბერს ღამის პირველ საათზე მოხდა.
აფეთქების შედეგად ლიანდაგებიდან მაზუთით დატვირთული 12 ვაგონი გადავარდა. მაზუთი დაიღვარა, აფეთქება კი იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლოს მდებარე შენობების შუშები ჩაიმსხვრა, წაქცეულია ელექტრობოძებიც.
წინასწარი ინფორმაციით, გამოყენებული იყო ტროტილის, ჰექსოგენისა და პლასტიდისაგან დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა.
ინციდენტს მსხვერპლი არ მოყოლია.