უკრაინული არჩვნების მეგრული აქცენტი [video]

[ნანა ფაჟავა] უკრაინული არჩევნების პირველ ტურში ქართველი დამკვირვებლების გამოჩენა სახელმწიფოთა შორის სკანდალის მიზეზი რომ გახდა, ყველასათვის ცნობილია. უკრაინის ქალაქებში ქართველების „მასიური შემოსევის“ ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სხვადასხვა მედიასაშუალებებითაც უხვად გავრცელდა.
უცხო ქვეყანაში ჩასული დაუპატიჟებელი სტუმრების ამოცნობას მასპინძლებთნ ერთად დედასამშობლოშიც ბევრი ცდილობდა. როგორც ცნობილია, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში დონეცკის აეროპორტი აღმოჩნდა, სადაც ჩარტერული რეისებით საქართველოდან ორი თვითმფრინავი დაჯდა. ვრცლად>>

უკრაინული არჩვნების მეგრული აქცენტი [video]

...ქართველი „ბოევიკების“ ამოცნობას „პრესა.გე“-ც შეუდგა და საინტერესო დეტალებიც აღმოაჩინა... სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია დონეცკის აეროპორტში იმ ოცამდე „კუნთმაგარ“ ბიჭთან ერთად იდგა, რომელიც თბილისი-დონეცკის ავიარეისით მომავალ 145 „მეგობარს“ ელოდებოდა...


უკრაინული ტელეარხის ჟურნალისტი გოროზიას მიკროფონით უახლოვდება და მეგობრების ვინაობას ეკითხება. გოროზია კითხვითვე პასუხობს, „შენ მეგობრები არ გყავს?! როცა მეგობარს ელოდები, შენ ვინმე გეკითხება, ვის ელოდებიო?! ასეთი არაფერი გამიგია, არაფერი მსმენია...მე ერთ მეგობარს ველოდები...“

გუბერნატორი გოროზია კიდევ ერთ დოკუმენტურ ფილმში, სახელწოდებით „ნაშესტვიე“ ჩნდება, რომელიც ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმა ორ ნაწილად გადაიღეს და ინტერნეტსივრცეში ორი დღის წინ გაავრცელეს.გროზია აქაც იგივე მიზეზს ასახელებს, მაგრამ ამ შემთხვევაში იგი არა ერთ, არამედ რამდენიმე მეგობარზე საუბრობს. უკრაინელი ჟურნალისტების ინფორმაციით გოროზია დონეცკში 14 იანვარს ჩაფრინდა და 152-კაციან ჯგუფში ერთ-ერთი ქართველი იყო.

გუბერნატორ გოროზიასთან ინტერვიუს ჩასაწერად მისულ „პრესა.გე“-ს მისი კაბინეტი დაკეტილი დახვდა. სამხარეო ადმინისტრაციის ერთ-ერთი თანამშრომლის ინფორმაციით გოროზია „უკრაინული“ ვიზიტის შემდეგ სამუშაო ოთახში 29 იანვარს, მხოლოდ ერთი საათით გამოჩნდა. ეს მაშინ, როცა ანაკლიას მიხეილ სააკაშვილი სტუმრობდა.

5 თებერვალს „პრესა.გე“ გუბერნატორს ტელეფონით დაუკავშირდა. სატელეფონო საუბარში გოროზიამ უკრაინაში ყოფნის მიზეზად ამჯერადაც „მეგობარი“ დაასახელა. კითხვა კიდევ ერთ „მეგობარზე“, ვახტანგ გაბელიაზე დავუსვით, რომელმაც უკრაინელ ჟურნალისტებს „ვრცელი“ ინტერვიუ მისცა. კითხვაზე, იყო თუ არა გაბელია გოროზიას იმ ჯგუფში, რომელიც უკრაინას სტუმრობდა, გუბერნატორმა კატეგორიული უარი განაცხადა. თქვა, რომ არანაირ ჯგუფთან მას კავშირი არ ჰქონდა. „პრესა. გე“-სთან ინტერვიუს დასრულების მიზეზად კი გოროზიამ უცხოეთში ყოფნა დაასახელა და ტელეფონიც გათიშა. რომელი ქვეყნის „მეგობრებს“ ხვდება ამჟამად ჩვენი გუბერნატორი, „პრესა.გე“-მ ვერ გაარკვია.

უკრაინული სპეცსამსახურების მიერ გავრცელებულ სიაში ვახტანგ გაბელია პირველად შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი, 157-ე ნომრად აღმოვაჩინეთ. მეორედ კი – იმავე დოკუმენტურ ფილმში, სადაც გოროზია თავს სხვებთან ერთად იწონებდა.

„პრესა.გე“ კუდ-ის თანამშრომლის, გაბელიას შესახებ ადრეც წერდა. სწორედ მან გააკრა ზუგდიდის ქუჩებში ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას სახის გამოსახულებით ქალის სხეულზე დამონტაჟებული შიშველი ფოტოები. მაშინ, გაბელია ფსიქოლოგიურ ზეწოლას, მუქარასა და შანტაჟს არა მარტო ჟურნალისტების, არამედ უბრალო მოქალაქეების მიმართ მუდმივად ახორციელებდა. იგი განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურობდა. მის სახელს რამდენიმე ადამიანის გატაცებაც უკავშირდება...

„პრესა.გე“-ს ინფორმაციით გაბელიამ ისე ღრმად შეტოპა, რომ კომპრომატების ძებნა ახალაიების ოჯახშიც დაიწყო. როგორც ამბობენ, წყალიც აქ აემღვრა და როლანდ ახალაიამ ხელში „მგლის ბილეთი“ დააჭერინა. ამბობენ იმასაც, რომ კუდ-იდან გაგდებული გაბელია გუბერნატორმა უშიშროების საკითხებში თვის თანაშემწედ დანიშნა, თუმცა იგი ზუგდიდში დიდი ხანია არავის უნახავს.

ვახტანგ გაბელია ამ სტატიის ავტორის დაშანტაჟებასაც რამდენჯერმე შეეცადა. სატელეფონო მუქარებით რომ ვერაფერს გახდა, გაბელია ჟურნალისტს პირადი ცხოვრებიდან „ინტიმური კადრების“ გავრცელებით დაემუქრა, თუმცა შსს „მაღალჩინოსანი“ ყოველთვის „გაშიფრული“ რჩებოდა.

ასეთი „კაგებეშნიკური„ წარსულის მქონე გაბელია უკრაინაში ჟურნალისტად თუ მოგვევლინებოდა, ნამდვილად ვერ წარმოგვედგინა...

„ლუგანსკის გაზეთის „მოლოდოგვარდეეციის“ შტატგარეშე ჟურნალისტი „გმირობაზე გაიქაჩა“- ასეთი იყო ჟურნალისტის კომენტარი, რომელსაც გაბელიას ინტერვიუ მოჰყვა. საარჩევნო უბნიდან კინწისყვრით გამოგდებული ვახო გაბელია თურმე უკრაინაში დაბადებულა... ეკრანზე უცებ ტიტრი ჩნდება... ვახტანგ ვახცარუტ... წარმომავლობა, ჯიშ და ჯილაგ შეცვლილი ვახცარუტი თურმე დემოკრატიული უკრაინის დასაცავად ჩავიდა, ამ უფლების განხორციელების უფლება კი მას არ მისცეს იმიტომ, რომ იქ ყველა მოსყიდულია და რომ მათ არჩევნებიდან მისი გაძევების არანაირი საფუძველი არ ჰქონდათ.

კორესპონდენტის კითხვაზე, სურდა თუ არა მას, როგორც ჟურნალისტი დასწრებოდა ხმის მიცემის პროცესს, გაბელია განმარტავდა, რომ უნდოდა, მაგრამ ამის უფლება არ მიეცა. მან ვერც ჟურნალისტის მოწმობა წარადგინა და ვერც სამუშაო ადგილი დაასახელა. გაბელია არც საარჩევნო უბნებში სკანდალის მოწყობისა და ხმის მიცემის პროცედურის ჩაშლის მცდელობას ადასტურებდა. იგი, თურმე, კონსტიტუციურ უფლებებს იცავდა, რომელიც უკრაინული კანონმდებლობით გარანტირებული ჰქონდა...

„პრესა.გე“-მ ცნობილ სიაში ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსი, რუსლან შამახიაც იპოვა. იგი წალენჯიხის პოლიციიდან ზუსტად იმ დღეებში გადმოიყვანეს. შამახიასთან სატელეფონო ინტერვიუ მას შემდეგ შეწყდა, რაც მან ზარის მიზეზი შეიტყო... იქვე ვიპოვეთ წალენჯიხის პოლიციის ყოფილი უფროსი ზვიად გაწერელია და მისი ახლო ნათესავი ზაზა გაწერელია. სენაკის პოლიციის უფროსის მოადგილე კახა ლატარია სიაში 488-ე ნომრად იყო „განთესილი.“

„სადამკვირვებლო მისიაში“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები, ლევან მესხია და თენგიზ ქობალიაც „აღმოვაჩინეთ“. სიაში 385-ე ნომრად გუბერნატორის მოადგილე შოთა იზორიაც „ჩაჯდა“. პარლამენტარი ლაშა დამენია კი სიაშიც და ვიდეოკადრებშიც აქტიურად „პოზირებდა.“

საკმაოდ ფართოდ იყო წარმოდგენილი აბაშის „დელეგაცია“, სადაც კუპრავები სჭარბობდნენ. პარლამენტარ გოჩა კუპრავას, რომელიც ვიდეოკადრებშიც კარგად ჩანს, უკრაინაში მხარს თურმე ბიძაშვილები, ირაკლი და კახა კუპრავები „უმშვენებდნენ.“

ეს უკანასკნელი თბილისის ფოსტის უფროსის თანამდებობას, სავარაუდოდ, დღესაც იკავებს. ყოველ შემთხვევაში სტატიის ავტორს თავი მან მაისის საპარლამენტო არჩევნებიდან დაამახსოვრა, როცა მას საარჩევნო უბნიდან აგდებდა, ფოტოაპარატს ართმევდა და ცხვირ-პირს ულეწავდა. ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტზე კუპრავასა და საოლქო კომისიის სხვა წევრების მიმართ ს.ს. საქმე აღიძრა, მაგრამ მალევე შეწყდა...

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა ლამის ფიცი დადო, უკრაინაში ქართველი დამკვირვებლები აღარ ჩავლენო, მოძმე რესპუბლიკა დაუპატიჟებელი სტუმრების მოლოდინშია.

ერთ-ერთი ვერსიით, რამდენიმე ასეული „დამკვირვებელი“ დღემდე უკრაინაში იმყოფება. შესაძლოა, როგორც მაშინ, სასტუმრო „შახტიორში“, „დრუჟბაში“ ან „ატლასში“ ბინადრობენ.

უკრაინული სააგენტოების ინფორმაციით „ქართული დესანტის“ უკრაინაში გადასხმა საქართველოს ხელისუფლებას 3 მლნ ლარი დაუჯდა...



 

მთავარი | ჩვენს შესახებ | სტატიები | ვიდეო | სასარგებლო ბმულები | კავშირი

info news georgia © ახალი ამბების სააგენტო საქართველო | თბილისი.| ყველა საავტორო უფლება დაცულია